დრო არასდროს იყო საკმარისი, მაგრამ დღეს ეს პრობლემა მოზღვავებული ინფორმაციის, სოციალური ქსელებისა და სამსახურში ფუნქცია-მოვალეობების მუდმივი ცვლილებების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. დროის არასწორად მართვის გამო, ადამიანები უწყვეტი სტრესის ქვეშ დღემდე ცხოვრობენ; ვერ ახერხებენ დასვენებას; სამუშაოს ხშირად ვერ ასრულებენ დადენილ ვადებში და ა.შ.
ენდრიუ ნიკოლმა გადაიღო ფილმი სახელწოდებით „In Time“. 25 წლის მიღწევის შემდეგ ადამიანები არ ბერდებიან და მათი სიცოცხლის ხანგძლივობა მათსავე ხელზეა ასახული. მდიდრებს წლები აქვთ, ხოლო ღარიბები წუთიდან წუთამდე ცოცხლობენ. არ არსებობს ფული და რაიმეს მიღება მხოლოდ ინდივიდუალური დროის გაცემით არის შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ხართ. რას იზამდით? – ალბათ გააკეთებდით ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს, დარჩენილ დროს გაატარებდით ძვირფას ადამიანებთან და რაც მთავარია, დააფასებდით თითოეულ წამს თქვენს ცხოვრებაში. ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ სცენარისტებს დროის დაუფასებლობის წინ წამოწევა და მისი ფულზე უფრო მნიშვნელოვან რესურად წარმოჩენა სურდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეალობა ამ ფილმს არ ჰგავს, ბევრი რამის საფასურს მაინც დროით ვიხდით და არა ფულით; ანუ უფრო ძვირად ვიღებთ იმას რაც გვჭირდება. დღეს ყველა წარმატებული ადამიანი კარგად აცნობიერებს დროის ფასს. თუ გინდათ მათ რიცხვს შეუერდეთ, ასეთი უნარის გამომუშავების გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ.
დღეს შევეცდები დროის ნაყოფიერი მართვისთვის საჭირო რამდენიმე მთავარი პრინციპი გაგიზიაროთ.
დასახეთ მიზნები
წარმოიდგინეთ, რომ ჯდებით ტაქსიში და მძღოლისთვის არ გითქვამთ დანიშნულების ადგილი. ის იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ავტომობილი დაძრა და გრძელი გზის გავლით მიგიყვანათ ქალაქის სადღაც არასასურველ ბოლოში; საბოლოოდ კი თანხის გადახდა მომსახურებაში მაინც მოგიწიათ. იგივე ხდება ჩვენს ცხოვრებაშიც: მიზნების დასახვის გარეშე, მოვლენებს ჩვენგან დაუკითხავად მივყავათ იქ, სადაც ყოფნას არ ვისუვებდით. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ტაქსის მძღოლებს დანიშნულების ადგილს და ვთხოვთ, რომ მალე მიგვიყვანოს, მაგრამ საკუთარ თავს ასეთ მოთხოვნებს არ ვუყენებთ. აუცილებლად ჩამოწერეთ თქვენი მიზნები: ზუსტად 1 წელიწადში რა მდგომარეობაში გინდათ ყოფნა?
შეიმუშავეთ მიზნის მისაღწევი გეგმა
თუ არ გაწერთ კონკრეტულ ნაბიჯებს და მათთვის დასათმობ დროს, თქვენი მიზნები უბრალო სურვილებად დარჩება. მაქსიმალურად შეეცადეთ არ გააკეთოთ ისეთი სამოქმედო გეგმა, რომლის რეალიზება თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. ასევე, ყოველ საღამოს აუცილებლად გამოყავით 10-15 წუთი მომდევნო დღის დასაგეგმად. ასე ბევრად მეტს მოასწრებთ.
გაათავისუფლეთ ტვინი ზედმეტი ინფორმაციებისგან
ნუ გადააქცევთ თქვენს გონებას იმ ინფორმაციების შესანახ კალათად, რომელიც ერთდჯერადად გჭირდებათ. მაგ.: დავურეკო გიორგის, ხვალისთვის გავაკეთო პრეზენტაცია და ა.შ.; შეიძინეთ ბლოკნოტი ან გამოიყენეთ რაიმე აპლიკაცია, სადაც ასეთ ინფორმაციებს დროებით შეინახავთ. ამ მეთოდით თქვენი ტვინი გათავისუფლდება ზედმეტი თავსატეხებისგან, არ დაგავიწყდებათ ამოცანების შესრულება და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მოახდენთ კონცენტრაციას.
თავი დაიცავით დროის მფლანგველებისგან
ადამიანები, რომლებიც დროს არ აფასებენ; სოციალური ქსელები; მავნე ჩვევები; – ეს იმ კომპონენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ხშირად ჩვენი დრო დაუკითხვად მიაქვთ. ისინი არ გვაძლევენ საშუალებას კონცენტრაცია მოვახდინოთ პრიორიტეტულ ამოცანებზე. თუ სამსახურში მნიშვნელოვანი საქმის კეთებას შეუდექით და გვერდით თანამშრომელი ცხოვრებისეული მოვლენების გასაზიარებლად მოგიჯდათ, ღიმილით აუხსენით, რომ ამ წუთას ვერ მოახერხებთ მისი ემოციების გაზიარებას და საქმის დასრულების შემდეგ სიამოვნებით მოუსმენთ. ასევე, ნუ დაათვალიერებთ facebook-ზე იმ გვერდებს, რომლებსაც თქვენი მიზნებისთვის არაფერი მოაქვთ.
თვითდისციპლინა
გამიგია, რომ იმას, ვინც ბევრ საქმეს აკეთებს, მოუწერსირგებელი სამუშაო მაგიდა აქვს. სინამდვილეში კი ეს ის მითია, რომელიც არასწორ მოქმედებებს ამართლებს. ყველა ნივთი ყოველთვის დააბრუნეთ თავის ადგილზე. კომპიუტერის დესკტოპზე არსებულ ფაილებსაც მიუჩინეთ თავისი ადგილი. სხვა შემთხვევაში საჭირო ნივთების საპოვნელად ყოველთვის დამატებითი დროის ხარჯვა მოგიწევთ. ორგანიზმი მიაჩვიეთ ძილის ერთიდაიგივე ოპტიმალურ დროს და ყოველი დილის საათები დაუთმეთ უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას.
აკონტროლეთ შედეგები
პერიოდულად გადახედეთ მისაღწევ მიზნებსა და სამოქმედო გეგმას. გარემო მუდმივად იცვლება, შესაბამისად გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებლად მოგიწევთ. რაც მთავარია, შეამოწმეთ რამდენად ახლოს არის თქვენი ყოველდღიური მოქმედებები მისაღწევ მიზნებთან.
დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია!
ეს ყველაზე მთავარი პრინციპია დროის მართვაში. თქვენ მხოლოდ ერთი არჩევანი გაქვთ: ან გამოიყენებთ თითოეულ წუთს თქვენს სასარგებლოდ, ან სხვები გამოიყენებენ მას. კიდევ უფრო ზუსტად: ან თქვენ იქნებით ცხოვრებით ბედნიერი და კმაყოფილი, ან სხვა, რომელიც თქვენს დროს ასეთი შეგრძნებების მისაღებად გამოიყენებს.