(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

რამდენიმე ახალი რჩევა ლიდერობაზე

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

თუ ეთანხმებით იმას, რომ ლიდერობა ადამიანებზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი სოციალური უნარია, დამერწმუნებით რომ შესაძლებელია ის სწავლებადი იყოს: ზოგი გამოცდილებით სწავლობს, ზოგი მუდმივად პროფესიულ ლიტერატურას ეცნობა და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადააქვს, ზოგიც ტრენინგზე დადის და ა.შ. შედეგები კი, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანია: ნაწილს გამოსდის ლიდერობა და თანამშრომლების ძალისხმევას მაქსიმალურად მიმართავს დასახული მიზნებისკენ, ნაწილი კი მხოლოდ ფორმალურად არის ამა თუ იმ ორგანიზაციის/დეპარტამენტის უფროსი და მისი გუნდის წევრებს ძალიან ეზარებათ არა მხოლოდ მის თათბირებზე დასწრება და მოსმენა, არამედ ორგანიზაციაში მუშაობაც.

ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, არაერთ ლიდერთან მქონია შეხება. მინდა, რომ ლიდერობის მიმართულებით რამდენიმე ახალი რჩევა შემოგთავაზოთ. ვფიქრობ, ისინი დაგეხმარებიან გახდეთ კიდევ უფრო ეფექტური წინამძღოლი.

დაიცავით ბალანსი ადამიანურ ღირებულებასა და ბიზნესის მიზნებს შორის.

კომერციული მიზნის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელები ხშირად დგებიან დილემის წინაშე: ადამიანი ღირებულებაა თუ მიზნის მიღწევის საშუალება? თანამშრომლები „ცამდე ავიყვანოთ“ თუ ვამუშაოთ, სანამ არ „გაცვდება“? – არჩევანს, ხშირად ისე აკეთებენ ამ უკანასკნელზე, რომ გუნდში მხოლოდ ხელფასზე ორინეტირებული, დემოტივირებული და ნაკლებად ეფექტური თანამშრომლები რჩებათ. არც ის ვარგა დაუფინანსოთ თანამშრომლებს ტრენინგის გავლა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათ ამოტივირებს.

აქვე, იმასაც მოგახსენებთ, რომ ღირებულებებს სწავლებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური როლი აქვს. შესაბამისად, თუ თანამშრომლები თქვენთვის მხოლოდ ჭანჭიკები არიან, ვერანაირი ახალი ცოდნის შეძენა ვერ გაქცევთ წარმატებულ ლიდერად.

გამიჯნეთ ერთმანეთისგან შემდეგი 2 ცნება: მენეჯერი და ლიდერი.

დედლაინების კონტროლი, დავალებების განაწილება, რეპორტების მიღება და ა.შ. არის მენეჯერის პრეროგატივა. ასევე, ხელმძღვანელი, რომელიც მხოლოდ შედეგებს ითხოვს, ერთი რიგითი მენეჯერია. ხოლო ხელმძღვანელი, რომელიც გუნდის წევრებს ამოტივირებს, განვითარებაში ეხმარება, მხარს უჭერს წინააღმდეგობების გადალახვაში, ლიდერული უნარებით გამოირჩევა. არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც იმდენად იყო მოწოდების სიმაღლეზე, რომ მან ისიც კი იცოდა, რამდენ კოვზ შაქარს ვიყრი ყავაში და რომელი თემატიკის ლიტერატურა მიყვარს ყველაზე მეტად.

გახადეთ თქვენი ქცევები სამაგალითო

ადამიანები ლიდერისგან დიდ შემართებას, გამბედაობას და ბრძოლისუნარიანობას ელიან. მაღალი ან საშუალო დონის კონკურენციის პირობებში, ეს თვისებები კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ საქმე ცუდად მიდის, ნუ ჩავარდებით პანიკაში, მიიღეთ ის როგორც ახალი გამოწვევა და ადამიანებს დაანახეთ გამოსავალი ან დაეხმარეთ მათ მის პოვნაში. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა გადაწყვეტილების მიღების ნაწილს – არასოდეს გაექცეთ მას და არ გადაულოცოთ თქვენი გუნდის წევრებს ის რაც თქვენი, როგორც ხელმძღვანელის, მოვალეობაა (მაგ. არჩევანი გაკეთდეს შედეგების რაოდენობაზე თუ ხარისხზე, ჩაერიოთ და მოაგვაროთ კონფლიქტი თანამშრომლებს შორის და სხვა).

აკონტროლეთ ემოციები

ნამდვილად რთულია, სავსე იყო ნეგატიური ემოციებით და გულში ჩაიკლა ისინი. ცუდი ლიდერები ვერ ახერხებენ ემოციების კონტროლს და ნეგატივი თავიანთ თანამშრომლებზე გადააქვთ. ეფექტური წინამძღოლი კი ახერხებს იმას, რომ ეს გუნდის წევრებმა საერთოდ არ იგრძნონ.

შთააგონეთ და ყოველთვის შეახსენეთ ადამიანებს მათი როლი

ბიზნესი, რომელიც კლიენტებს მომსახურებას ან პროდუქტს სთავაზობს, გარკვეული სარგებლის მომტანია. ორგანიზაციის პირველმა პირებმა მუდმივად გაუსვით ხაზი იმას, თუ რატომ არსებობს თქვენი კომპანია და რა ღირებულებას ქმნის ის კლიენტებისთვის. დეპარტამენტის/განყოფილებების უფროსებმა კი შეახსენეთ თქვენი გუნდის წევრებს თუ რა წვლილი შეგაქვეთ თქვენი ორგანიზაციის წარმატებაში. გაყიდვების დეპარტამენტი რომ არა კომპანია მოგებაზე ვერ გავა, მომსახურების დეპარტამენტი რომ არა, კლიენტების ლოიალურობა დაბალ ნიშნულზე იქნებოდა და ა.შ.

იყავით ეფექტური კომუნიკატორი

იმაზე, თუ რას ნიშნავს ეფექტური კომუნიკაცია, ინტერნეტში ყველგან ამოიკითხავთ. ამიტომ ამ ნაწილს „გადავახტები“. დამატებით მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გაითვალისწინოთ ის, ესმით თუ არა თქვენი იდეები/ხედვები თქვენი გუნდის წევრებს ისე, როგორც თქვენ. სანამ კომუნიკაციას დაამყარებთ, აუცილებლად შეხედეთ მისაწოდებელ ინფორმაციას კომუნიკაცის მეორე მხარის თვალით. შეიძლება იდეალური „სფიჩი“ მოამზადოთ, თუმცა ის მაინც გაუგებარი გახდეს თქვენი თანამშრომლებისთვის.

ნამდვილად არ არის მარტივი, იყო ეფექტური ლიდერი. თუმცა რას ვიზამთ – „მეფე ხარ და ხამს..მეფე ხარ და გმართებს…“.

თუ მასალა მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.
  •  
  •  

 

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by