(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

მთავარი შეცდომები რეზიუმეში

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

როგორ დავწერო რეზიუმე

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემაზე ინტერნეტში უამრავ სასარგებლო რჩევას ნახავთ, ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, ყოველთვის მიწევდა არასწორად შედგენილი რეზიუმეებისა თუ CV-ების განხილვა. სამწუხაროდ, პრობლემები ამ მიმართულებით არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ კურსდამთავრებულებსაც აქვთ. 

კარგი რეზიუმეს შედგენა პირველ რიგში საკუთარი თავის სიღრმისეული შესწავლით იწყება. კერძოდ: რა პიროვნულ და პროფესიულ უნარებს ფლობთ? რა არის თქვენი კარიერული მიზანი? და ა.შ. ამ შემთხვევაში, შევეხები რეზიუმეს მხოლოდ იმ ძირითად ნაწილებს, რომელთა მოწესრიგება და სწორად დალაგება აუცილებელია.

პირადი მონაცემები

აუცილებელია დაბადების თარიღის, საკონტაქტო ნომრისა და ელ.ფოსტის მითითება. სასურველია, აღნიშნოთ ფაქტობრივი მისამართიც. უსარგებლოა ოჯახური მდგომარეობის, მოქალაქეობის და სხვა კომპონენტების ჩამატება. თუ პოტენცურმა დამსაქმებელმა რეზიუმე ფოტოსურათით მოითხოვა, თავი შეიკავეთ ე.წ. სელფებისგან, ნიკაპაწეული მკაცრი გამოხედვისგან, ისეთი ფოტოებისგან სადაც თქვენი მეგობრის მხარი ჩანს და ა.შ. 

სამუშაო გამოცდილება

აუცილებელია როგორც დამსაქმებლის და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ისე სამუშაო პერიოდის მითითება (თვე და წელი). განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო სამუშაო პოზიციის კომპონენტს: ადამიანები აღნიშნავენ მხოლოდ დასახელებას და სამუშაო აღწერილობის ნაწილს ცარიელს ტოვებენ ხოლმე, რაც უმეტეს შემთხვევაში მისაღები არ არის. რატომ? მაგ: თქვენ მუშაობდით N კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მარკეტინგის და PR მენეჯერის ფუნქციები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთში იკვეთება, გამოცდილების თვალსაზრისით, პოტენციურ დამსაქმებელს სწორ აზრის ჩამოყალიებება გაუჭირდება. 

ხშირად მეკითხებიან, უნდა მიუთითონ თუ არა წინა სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი და ხელფასი. ჩემი აზრით, რეზიუმეში ამ ასპექტის გამოტოვება თქვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. თუ გასაუბრებაზე დაგიბარეს და ინტერვიუს პროცესი პოზიტიურად წარიმართა, შესაძლებელია ინტერვიუერმა მსგავსი კითხვები დაგისვათ. პასუხს გასცემთ თუ არა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. გამახსენდა ერთი სტუდენტის რეზიუმე, სადაც წინა სამსახურის დატოვების მიზეზად დაბალი ანაზღაურება ეწერა, რაც უკვე ნეგატიური მესიჯია, მაშინ განვითარებაზე და არა შრომის ანაზღაურებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს ეძებენ.

განათლება

ამ ველში იწერება უმაღლესი განათლება. საშუალო განათლების აღნიშვნა ნამდვილად უსარგებლოა. განსაკუთრებით მინდა ვურჩიო სტუდენტებს, რომლებიც ერთმანეთში ურევენ ,,ბაკალავრს” და ,,ბაკალავრიატს”. რატომღაც, ეს 2 სიტყვა ხშირად მინახავს შეუსაბამო კონტექსტში. დღეს არაფორმალური განათლების მნიშვნელობა წინ წამოიწია. არაერთხელ ნახავთ ვაკანსიის განაცხადებში შესაბამის მოთხოვნასაც. ხარისხიანი ტრენინგი საშუალებას იძლევა მოკლე დროში და უმაღლეს განათლებასთან შედარებით იაფად შეიძინოთ ახალი ცოდნა და უნარები. დამსაქმებელთა უმეტესობა ყოველთვის მიაქცევს ყურადღებას რამდენად ხართ აქტიური ამ მიმართულებით, ამიტომ ჩაწერეთ გავლილი სასწავლო კუსრები „დამატებითი განათლების“ გრაფაში.

უცხო ენები და კომპიუტერული პროგრამები

ყოფილა შემთხვევა, როცა კანდიდატს ,,უცხო ენების” გრაფაში შემდეგნაირად ეწერა: ,, ქართული – მშობლიური”. თუ ეროვნებით ქართველი ბრძანდებით ნამდვილად ვერ იქნება ქართული უცხო. ასევე, არ არსებობს ,,კომპიუტერული უნარები”, არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომლებთანაც მუშაობა შეგიძლიათ. ნუ მიუთითებთ ცოდნის დონეს ქულებით, განმარტეთ სიტყვიერად. 

რა თქმა უნდა არსებობს სხვა დამატებითი გრაფები, რომელთა მითითება, არსებობის შემთხვევაში, ნამდვილად მომგებიანია. ეს შეიძლება იყოს: რეკომენდატორები, პუბლიკაცია, მოხალისეობა და ა.შ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ რეკრუტერები თითოეული რეზიუმეს განხილვას მაქსიმუმ 1 წუთს დაუთმობენ, ამიტომ ნუ აღნიშნავთ იმ ასპექტებს, რომლებიც ვაკანტური პოზიციისთვის შეუსაბამოა. რაც მთავარია, აღნიშნული დოკუმენტი 2 გვერდზე მეტი არ უნდა იყოს.

თითოეული ადამიანის რეზიუმე ყოველთვის განიცდის ცვლილებას, რადგან დროის გასვლის შემდეგ იზრდება განათლების დონე, სამუშაო გამოცდილება ან თუნდაც შეძენილი უნარები. ამ დროს საჭირო ხდება ,,ძველის” ჩანაცვლება ,,ახლით”. მაგ: ჩემი პირველი სამსახური, რომელიც სტუდენტობის დროს მივიღე ბანაკის ლიდერის სამუშაო პოზიცია იყო.  მაშინ დამსაქმებელმა ყველაზე დიდი ყურადღება გაამახვილა იმ სტუდენტურ პროექტებზე, რომლებშიც მონაწილეობა მქონდა მიღებული და რა თქმა უნდა კითხვები ამ მიმართულებით წამოვიდა. მათ აინტერესებდათ, რამდენად მქონდა სასარგებლო რესურსი და რამდენად შევძლებდი მათ გაზიარებას იმ გუნდის წევრებისთვის, რომელთა ხელმძღვანელობა დამევალებოდა. უკვე დიდი ხანია, ის სტუდენტური პროექტები ჩემს რეზიუმეში არ წერია, რადგან უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყობად არ გამოდგება. თუმცა, თავის დროზე, მათ თავიანთი როლი საკმაოდ პოზიტიურად შეასრულეს.

და ბოლოს: მას შემდეგ რაც საბოლოოდ დაამთავრებთ რეზიუმეს რედაქტირებას, გადაიყვანეთ დოკუმენტი PDF ფორმატში და ფაილს ლათინური ასოებით დააწერეთ თქვენი სახელი და გვარი.

გისურვებთ წარმატებას!

თუ მასალა მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.
  •  
  • 13

 

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by