(+995) 599 30 61 90
giga@tchanturia.ge

როგორ დავისვენოთ ეფექტიანად?

მენეჯმენტის კონსულტანტი და ტრენერი.

ზაფხულის ცხელი დღეები დიდი ხანია დაიწყო. ადამიანებს, ერთი სული აქვთ გავიდნენ შვებულებაში და კუთვნილი თავისუფალი დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ამ მიმართულებით, შევეცდები რამდენიმე სასარგებლო რჩევა გაგიზიაროთ. 

რა არის დასვენება?

ადამიანს დასვენება სჭირდება საკუთარი ენერგიის აღსადგენად, იმისთვის რომ შემდეგი პერიოდის განმავლობაში, ის პროდუქტიული იყოს. ენერგიის აღდგენაში ვგულისხმობ, როგორც სხეულის, ისე ტვინის დასვენებას. დროის მართვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წელიწადში ზედიზედ 2 კვირა საკმარისია დასვენებისთვის.

ცოტა ხნის წინ, ბანკში შევესწარი დედისა და შვილის დიალოგს:

– დედა, საზაფხულო ბაღში არ მომწონს, იქ არაფერს მასწავლიან.
– დე, თვითონ ბაღს საზაფხულო იმიტომ ჰქვია, რომ არაფერი ისწავლო.

გამორიცხავს დასვენება სწავლას? –  რა თქმა უნდა არა, გარდა იმ შემთხვევისა თუ თქვენთვის სწავლა ტანჯვასთან ასოცირდება. დასვენება და სწავლა შეთავსებადია ისე, რომ დაიცვათ ბალანსი სრულ უმოქმედობასა და გადაწვას შორის. 

როგორ დავისვენოთ ეფექტიანად?

არსებობს ენერგიის აღდგენის სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია გაითვალისწინოთ: არავითარი საქმე დასვენებისას! საქმეში ვგულისხმობ ყველა იმ კომპონენტებს, რომლებიც თქვენგან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვენ. მაგ: თუ ბუნებაში მხატვრული ლიტერატურის კითხვა სიამოვნებას განიჭებთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს. თუ იგივე გარემოში, იმ პროფესიული ლიტერატურის კითხვას დაიწყებთ, რომელზეც ე.წ. დედლაინი გაქვთ, დასვენება ნამდვილად არ გამოგივათ, რადგან თქვენი ტვინი ამ პერიოდში მაინც დაიძაბება.

შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ თვითონ დასვენებასაც სჭირდება დაგეგმვა. ამაში ბილეთების და სასტუმროს ჯავშანს არ ვგულისხმობ. ამ საკითხებამდე აუცილებელია ჩამოყალიბდეთ 3 რამეში: 

1. მთელი 1 წელი რამ დაგღალათ და შეგაწუხათ/რა მოგბეზრდათ? – მაგ: ხმაური, დაბინძურებული ჰაერი და სხვა ნებისმიერი რამ;

2. ის კომპონენტები, რომლებმაც თქვენი დაღლა უნდა დააკომპენსიროს – მაგ: ხმარურის შემთვევაში სიმშვიდე, დაბინძურებული ჰაერი – სუფთა ჰაერი და ა.შ.

3. ბოლოს კი დაწერეთ: მაქსიმალურად რომელი ადგილები აკმაყოფილებს თქვენს კრიტერიუმებს და შეარჩიეთ დასვენების ფორმაც.

თუ თქვენი ინტერესის სფერო არის მითოლოგია, შეგიძლიათ წახვიდეთ ეგვიპტეში და პირადად დაათვალიეროთ ნაგებობები. პოზიტიური ემოციებისგან მიღებული ენდორფინი თქვენს ტვინს ნამდვილად მისცემს დასვნების საშუალებას. ყველაზე ცუდი შემთხვევაა, წახვიდეთ ეგვიპტეში მხოლოდ აქლემზე სასეირნოდ ან/და ფოტოების გადასაღებად, რომელსაც სოციალურ ქსელში ატვირთავთ. თქვენი მეგობრების „ლაიქები“ მხოლოდ რამდენიმე დღით გაგრძელდება, რასაც დროებითი და დაბალი ეფექტი ექნება. შეგიძლიათ ეწვიოთ ღამის კლუბებს და რესტორნებს, მაგრამ გირჩევთ თავი შეიკავოთ მუდმივი ღამის თენებისგან და გადაჭარბებული ალკოჰოლისგან. ერთი სიტყვით, რეკომენდირებულია მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი.

თუ თქვენს ბიუჯეტს გადახედეთ და მიხვდით, რომ საერთოდ არ დაღლილხართ (ცნობილი ანეკდოტი), მაინც შეგიძლიათ დაისვენოთ. ბევრს ჰგონია, რომ რუჯის მიღების ან საზღვარგარეთ წასვლის გარეშე, ვერ დაისვენებს. შეარჩიეთ ის, რომელიც მოგწონთ: თევზაობა, პიკნიკი, ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობა, ჩხირკედელაობა და ა.შ.

ამ საკითხზე, კიდევ ბევრის თქმა შეიძლება. თუმცა, თავს არ შეგაწყენთ. მთავარია იცით, თვითონ დასვენების მნიშვნელობა, მიზანი და მისი დაგეგმვის ერთ-ერთი მეთოდი. სხვა დანარჩენი კი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია.

გისურვებთ, რომ სექტემბერში დასვენებულები დაბრუნდეთ. ყველას გველოდება მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც ჩვენგან მაღალ პროდუქტიულობას ელოდებიან.

თუ მასალა მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.
  •  
  • 18

 

საუბრის დაწყება
რით შემიძლია დაგეხმაროთ?
Powered by